TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

вторник, 9 апреля 2013 г.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

 
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიმბოლურად წითელი კვერცხითა და პასქით ვხვდებით. სააღგომო კვერცხის სიმბოლურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ლიტერატურა მოგვითხრობს: ”ისევე, როგორც კვერცხიდან იბადება ცოცხალი არსება და ნაჭუჭიდან გათავისუფლების შემდეგ იწყებს სრულყოფილ არსებობას, ასევე დედამიწაზე იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისაგან, სულ სხვა, უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ვღორძინდებით.”


   
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.
 აღდგომის დღესასწული უდიდესი დღესასწაულია ქართველი,და არა მარტო ქართველი არამედ სრულიად ქრისტიანული სამყაროსათვის.ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის კარიბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვები ზიდა.
ეს დღესასწაული მოძრავია და 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება.
ოთხივე სახარების თანახმად კი, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხრის  დღეა ნებისმიერი მორწმუნისათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარება სიხარულმა შეცვალა და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.
       

                                                     თარიღის გამოთვლის წესი
325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
იმედია ამ პოსტმა დაგაინტერესათ,მადლობთ ყურადღებისათვის.

0 კომენტარი: